როგორ შევარჩიოთ ფარდის ფერი: ჰარმონიის 7 წესი
ფარდის ფერი - ეს არის როგორც ინტერიერის განწყობის ნაწილი, ისე გემოვნების დემონსტრაცია. თქვენი ფარდის ფერის ცვლილებას შეუძლია ოთახის მთლიანი ატმოსფეროს შეცვლა. თუ ფიქრობთ ჰარმონიის პრინციპებზე და არჩევთ ფარდის ფერს მისაღებისთვის, საძინებლისთვის, საბავშვო ოთახისა თუ სამზარეულოსთვის, გირჩევთ, გაეცნოთ ფოტო-კოლექციას, რომელშიც ჩანს სხვადასხვა ტიპის დიზაინი. ისინი გვაჩვენებენ ფარდის ფერის შერჩევის ძირითად პრინციპებს სტილის, პალიტრის და სრული ინტერიერის გათვალისწინებით.
პრინციპი #1. რბილი გრადაციები
ფარდის ფერის არჩევისას არსებობს ორი მთავარი მიდგომა. პირველი - იმავე ფერის არჩევა, რომელიც ფიგურირებს მთავარ ინტერიერის პალიტრაში. თუმცა ფარდებისა და შპალიერის შესაბამისობა არ უნდა იყოს ასპროცენტიანი. ქსოვილი უნდა იყოს ან ოდნავ ღია, ან ოდნავ მუქი.
მაგალითად, თუ გაქვთ გადაწყვეტილი ოთახის კრემისფერ ტონებში მორთვა, ფარდები შეიძლება იყოს სპილოს ძვლისფერი ან ყავისფერი.
პრინციპი #2. მკვეთრი კონტრასტები
ფარდის ფერის არჩევის მეორე მიდგომა კონტრასტია. ის საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ ელეგანტური, გაბედული და ძალიან ექსპრესიული კომბინაცია. ყველაზე მარტივია მუშაობა „სუფთა“ ფერებთან, როგორებიცაა თეთრი, შავი, ლურჯი, წითელი, ყვითელი და მწვანე. თუმცა საბოლოო შედეგი შეიძლება „აგრესიული“ და შეუსაბამო იყოს, ამიტომ აუცილებელია ოთახის დანიშნულებისა და ინტერიერის სტილის გათვალისწინება.
უფრო მიმზიდველია რბილი პალიტრის კონტრასტები: ასეთი კომბინაციის მაგალითია სპილოს ძვლისფერი და შოკოლადისფერი. კონტრასტის გამოყენება შეიძლება ასევე პასტელურ პალიტრაშიც: მიიღება ძალიან ნაზი და, ამავდროულად, ექსპრესიული ინტერიერი.
პრინციპი #3. ფარდისა და ავეჯის შეხამება
ფარდის არჩევისას მიზანშეწონილია არა მხოლოდ კედლების, არამედ ავეჯის ფერის გათვალისწინებაც. ამ დროს ერთ-ერთი ვარიანტი ასეთია: ფარდისა და კედლების ფერის ტონები ახლოსაა ერთმანეთთან და კონტრასტულია ავეჯის ფერისა. მაგალითად, ზეთისხილისფერი ფარდა, ფსტისფერი კედლები და ბორდოსფერ-ყავისფერი ავეჯი. მეორე ვარიანტი კი ასეთია: ფარდის ფერი შერჩეულია ავეჯის ფერებში, ხოლო კონტრასტულია კედლების ფერისა.
შესაძლებელია უფრო რთული კომპოზიციების შექმნაც, როცა გამოიყენება სამი ფერთა გამა. მაგალითად, წითელი-თეთრი-შავი - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეხამება მინიმალიზმში.
პრინციპი #4. ფარდა და ინტერიერის ტექსტილი
ინტერიერის ჰარმონიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონია ფარდისა და სახლის ტექსტილის (საწოლის გადასაფარებლის, ბალიშის, ხელსახოცის, მაგიდის გადასაფარებლის) ფერის ერთმანეთთან შესაბამისობა. ხანდახან ფარდასა და ტექსტილს ერთნაირი ქსოვილისგანაც კი კერავენ. ზუსტი თანხვედრა, რა თქმა უნდა, აუცილებელი არაა. საკმარისია პალიტრაში ჰარმონიის მიღწევაც. თუმცა თუ ტექსტილში გვხვდება ორნამენტი ან პატერნი, სასურველია, რომ ის ფარდაში მცირე დოზით მაინც გვხვდებოდეს.
პრინციპი #5. ფარდის ფერი და ინტერიერის სტილი
ინტერიერის სტილი ასევე დიდ გავლენას ახდენს ფარდის ფერის შერჩევაზე. მაგალითად, მინიმალიზმის სტილის შემთხვევაში, ფარდებში ხშირია კლასიკური ტრიადა - შავი-თეთრი-წითელი. „ეკო-სტილის“ დროს კი სრულიად შეუსაბამო იქნება მუქი ღვინისფერი, ბორდოსფერი ტონები. თუმცა ეს ფერები მოუხდება ვიქტორიანული სტილის მისაღებ ოთახს.
პრინციპი #6. ქსოვილის ფერისა და ფაქტურის თანხვედრა.
ქსოვილის ფაქტურას შეუძლია იმ შთაბეჭდილების შეცვლა, რომელსაც ფერები და ტონები ქმნის. რაც უფრო სქელია ნაჭერი, მით უფრო მკვეთრი და „მძიმე“ ჩანს ფერი. პრიალა, ატლასის ფაქტურები ასევე აძლიერებს სიმკვეთრესა და სიკაშკაშეს. თხელი და მსუბუქი ფარდები კი „სუფთა“ ფერებსაც კი მსუბუქად წარმოაჩენს.
პრინციპი #7. საერთო განწყობა
გაითვალისწინეთ ფერების ფსიქოლოგიაც. ელეგანტური წითელ-შავი გამა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ახლადდაქორწინებულების საძინებელში, სავარაუდოდ, შეუსაბამო იქნება საბავშვო ოთახისთვის, ხოლო ნაზი პასტელის ფერები მომადუნებლად იმოქმედებს სამუშაო სივრცეში, ამიტომ კაბინეტისთვის არ გამოდგება. მკვეთრი ნარინჯისფერი არ მოგვანიჭებს სიმშვიდის გრძნობას საძინებელში, ხოლო თეთრმა ფარდამ მისაღები, შესაძლოა, საზეიმოდ წარმოაჩინოს, თუმცა დააკარგვინოს სიმყუდროვე.
არსებობს კლასიკური პალიტრები სხვადასხვა ოთახისთვის: მწვანე - კაბინეტისთვის, ლურჯი - საძინებლისთვის, პასტელის - საბავშო ოთახისთვის. თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ თქვენც ამ პრინციპით უნდა იხელმძღვანელოთ, რადგან მთავარი პრინციპი თქვენი გემოვნებაა: უნიკალური და ინდივიდუალური.